დღეს გორის რაიონის სოფელ შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. 11 აგვისტო ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდი 2008 წლის ომიდან. სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.
რუსული საბრძოლო შენაერთის მეთაური გაოგნდა ქართველების წინააღმდეგობით და გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ რადიოკავშირის საშუალებით, დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა.
რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც. ქართველი ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ.
ამ ბრძოლაში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი, რომლებმაც თავგანწირვის და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს, გმირულად დაიღუპა. ესენი არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
სანამ მტერი მიაგნებდა, დაჭრილები ადგილობრივმა მცხოვრებმა, ახმეტა ხუციშვილმა, ტყეში გადამალა და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა; დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დამწვარ-დასახიჩრებული სხეულები კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პატრიარქისა და სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდა ჭირისუფალთ.
„მოდით, ბიჭებო, მე გადაგარჩენთ_დაიძახა უმცროსმა სერჟანტმა, ალექსანდრე ონიანმა, თავისი ნათლული, რომან ზოიძე, რომელიც დაჭრილი, სისხლისგან იცლებოდა, გულში ჩაიკრა და ლოცვა დაიწყო; მას დანარჩენმა დაჭრილებმაც ავაყოლეთ ხმა.. ერთად ვამბობდით’’მამაო ჩვენოს’’… სწორედ ამ დროს მოგვადგნენ რუსები.. ალეკო ონიანს, რომელსაც ერთადერთი ყუმბარა ჰქონდა დარჩენილი, დაიყვირა_ტყვედ არ ჩაგბარდებითო, გახსნა და გულზე მიკრულ თავის ნათლულთან ერთად, თავი აიფეთქა…’’_იხსენებს შინდისის ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩენილი კაპრალი, თენგიზ ცანავა.
ალეკო ონიანმა, თავის დაჭრილ ნათლულ, რომან ზოიძესთან ერთად, თავი აიფეთქა, მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა. ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია, ლევან მელქაძე და შმაგი კუპატაძე პირველივე დარტყმის დროს დაკარგეს.
5 ჯარისკაცი კოლონის პირველივე მანქანაში მოკლა მტერმა, დანარჩენები თითქმის საათი და 20 წუთი განუწყვეტლივ უტევდნენ ოკუპანტებს. მტერს ეგონა, ბატალიონი თუ არა, ასეული ებრძოდა.
არქივი შინდისის გმირების ასეთ ისტორიას ინახავს:
„ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს. „მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი", - ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა“ მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.
მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო“. ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.
აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლული, კიდევ ერთი ღირსეული ვაჟკაცი რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა", - კბილებში გამოცრა თურმე გმირმა.
„ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა. ასე გალობითა და ლოცვით გადავიდა იმიერ საქართველოში, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა", - ჰყვებიან შინდისელები.
როცა 17 შინდისელი გმირიდან ერთ-ერთი – მიხეილ დვალიშვილი სახლში მიასვენეს, მისმა მშობლებმა, შვილის სხვა პირად ნივთებთან ერთად, მის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი პატარა ლექსი იპოვეს: „ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები... ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს. ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ.”
მიხეილ დვალიშვილი ვანში, სოფელ მუქედში დაიბადა. მისი სახელი იმ ქუჩას ეწოდა, სადაც ის გაიზარდა. მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, ეს იყო გმირის ერთ-ერთი სურვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ აისრულა.
„17 აგვისტომდე არ ვიცოდი, რომ დაღუპული იყო. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომ მისი საფლავი მაქვს დღეს. მუხათგვერდში, თავის ძმებთან ერთადაა……აგვისტოს ომამდე რამდენიმე ხნით ადრე, სახლში იყო ჩამოსული_ უცნაური მომეჩვენა_ძალიან თბილი, მოსიყვარულე ბიჭი იყო, მაგრამ იმ დღეს ყველას განსაკუთრებული სითბოთი გვექცეოდა… ერთ საღამოს მთხოვა, დედი, ამაღამ იავნანა მიმღერე ისე, როგორც ბავშვობაშიო… გაოცებულმა შევხედე, შევცბი.. ტანში საშინელი სიცივე ვიგრძენი, აუხსნელმა შიშმა შემიპყრო… ვუმღერე იავნანა.. იმ დღის მერე ჩემი შვილი ცოცხალი აღარ მინახავს… არც სხეული გამთბობია’’.... ამბობს მარო ზოიძე, შინდისელი გმირის, რომან ზოიძის დედა.
სტატიაში გამოყენებულია კვირის პალიტრის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მასალები
2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გმირების დაღუპვის ადგილას ერთგვარი მუზეუმი მოაწყვეს, სადაც 17 გმირის პირადი ნივთები, ჩაფხუტები, იარაღი, ქართული სამხედრო ფორმის დამწვარი ნაწილები ინახება. შინდისის გმირების მემორიალს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.