პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ვლადიმერ პუტინზე არ არის დამოკიდებული.
„მიმაჩნია, რომ რუსეთში ბირთვული არსენალი მრავალი ადამიანის კოლექტიური კონტროლის ქვეშაა და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ერთპიროვნულ შეხედულებაზე. ამდენად, გადაწყვეტილების მისაღებად ერთზე მეტი ადამიანია საჭირო," - აღნიშნა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტისთვის უფრო შემაშფოთებელია უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საფრთხე.
„თუ საუბარია ბირთვული საფრთხეების შესახებ, ბევრად უფრო მაშფოთებს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები. ვშიშობ, უფრო სავარაუდოა, მოხდეს ისეთი რამ, რაც ბირთვული ავარიის მსგავსი იქნება. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ატომურ სადგურზე აფეთქების საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე," - აღნიშნა ანდჯეი დუდამ.