უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საოლქო სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელები გაათავისუფლა. ამის შესახებ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელებად უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და რომლებსაც ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინა ხაზზე ყოფნა არ შეუძლიათ.
„ჩვენი გადაწყვეტილებაა, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი. ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რას ნიშნავს ომი და ომის დროს ცინიზმი თუ მექრთამეობა, სახელმწიფოს ღალატია,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 23 ივლისს გამოცემული განკარგულებით, უნდა შეიქმნას კომისია, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს.
კომისია უკრაინის ყველა რეგიონში სამხედრო კომისარიატების მუშაობას შეამოწმებს.