გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

2008 წლის ომის მე-15 წლისთავზე, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ალბანეთის, საფრანგეთის, იაპონიის, მალტის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე დახურული შეხვედრა გამართეს.

ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.


გაეროს უშიშროების საბჭოს ექვსი წევრის - შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ალბანეთის, იაპონიის და მალტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ და დღეს უკრაინის მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ რუსეთი ამ გზას აგრძელებს.


საქართველოს შესახებ საბჭოს დახურული კონსულტაციების შემდეგ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექვსი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს დემოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

განცხადება ალბანეთის ელჩმა, ფერიტ ხოჯამ სხვა ქვეყნის დიპლომატების თანდასწრებით წაიკითხა. მან დაგმო რუსეთის „სასტიკი შეჭრა და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია, ასევე, მოსკოვის „ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ."


ამასთან, განცხადების ავტორები გმობენ „ბორდერიზაციის“ პროცესს, სამხედრო წვრთნებს, რომლებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, საჰაერო სივრცეს და ტერიტორიულ წყლებს; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და გადასასვლელი პუნქტების დახურვას; დისკრიმინაციას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებისთვის ხელშეშლას თუ კულტურის ქართული ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებას.


ექვსმა ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის, გაეროს წესდების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რაც ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს.


ამასთან, „ამერიკის ხმის“ ცნობით, საბჭოს წევრები დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეებთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ „დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან.“

განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. ამასთან, ამ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაუშვას.