სომხეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა

სომხეთმა „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან და არცახში „ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. შესაბამისი განცხადება სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, მჰერ მარგარიანმა გააკეთა.

სომხეთის მთავრობა „გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მასობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევას ითხოვს.

„2023 წლის 15 ივნისიდან აუცილებელი საქონლის, მათ შორის საკვების, მედიკამენტების და საწვავის მწვავე დეფიციტია. აზერბაიჯანმა მთლიანად დახურა ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან.


აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების მიზანმიმართულმა შეფერხებამ ხალხის საარსებო წყაროს უკიდურესი ზიანი მიაყენა. ძირითადი საკვებისა და ვიტამინების ნაკლებობის გამო, 2 000-მდე ორსული ქალი, 30 000-მდე ბავშვი, 20 000 მოხუცებული და 9 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იბრძვის არასრულფასოვანი კვების პირობებში გადარჩენისთვის,“ – ნათქვამია სომხური მხარის წერილში.