ახალი ამბები
უცხოეთი
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, მარიუშ ბლაშჩაკს ეჭვი არ ეპარება, რომ ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ აცხადებს, რომ ჯარები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის.
„ვაგნერელთა“ გადაადგილება ბელარუსში, უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა. განსაკუთრებით ჩვენს საზღვარზე ბელორუსულ-რუსული ჰიბრიდული თავდასხმების კონტექსტში,“ – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ბლაშჩაკის თქმით, ეს საკითხი ფართოდ განიხილებოდა ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე.
„ჩვენი პოზიცია ნათელია. NATO და მოკავშირეები მზად არიან, დაუყოვნებლივ უპასუხონ ნებისმიერ აგრესიას,“ აღნიშნა ბლაშჩაკმა.
კითხვაზე, განმეორდება და გაძლიერდება თუ არა ბელარუსული მხარის პროვოკაცია, მან უპასუხა, რომ ამაში ეჭვი არ ეპარება.
ბლაშჩაკმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და ყველაფერს აკეთებს პოლონელების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ასეთ ნაბიჯებს შორის მან სამხედრო ნაწილების აღმოსავლეთისკენ გადაადგილება, თავდაცვის ხაზის გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდა დაასახელა.
ბლაშჩაკმა განმარტა, რომ სამხედროები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის და ადეკვატურად უპასუხებენ საფრთხეს.
პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა.
შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.
2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.