თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს.
გიულერმა გამოთქვა რწმენა, რომ თურქეთს შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის თქმით, „მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებამ მსოფლიოში სერიოზული პრობლემები შექმნა.“
გიულერმა ასევე აღნიშნა, რომ მარცვლეულის შეთანხმების წყალობით 33 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გაიგზავნა გაჭირვებულ ქვეყნებში.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ყველამ გაიგო, რომ ეს ორი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მარჩენალია. იქიდან მიწოდების შეწყვეტას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვა. თუ მიწოდება არ არის, არის შიმშილის საშიშროება. ახლა თითქმის ყველა მსოფლიო ლიდერი და გაეროს გენერალური მდივანი ფიქრობენ, რომ მხოლოდ ერდოღანს შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა,“ - აღნიშნა მინისტრმა.