უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიმავალ საერთაშორისო სამოქალაქო მშრალი ტვირთის გადამზიდ გემ Sukru Okan-ზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმა და იძულებითი ინსპექტირება საერთაშორისო საზღვაო სამართლის აშკარა დარღვევა, მეკობრეობის აქტი და მესამე ქვეყნის მიერ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიულ წყლებში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
პოდოლიაკის შეფასებით, ეს ქმედება ყველა პირის იდენტიფიკაციას და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დანაშაულის ფაქტის აღიარებას მოითხოვს.
„ეს პრეცედენტი მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ დაფიქსირებას, ყველა პირის იდენტიფიკაციას და დანაშაულის ფაქტის აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ. უკრაინა გამოიტანს ყველა საჭირო დასკვნას და შეარჩევს საუკეთესო პასუხს,"- აცხადებს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, 13 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი“ გაუხსნა.