მედია: თურქეთში მიმავალი BBN Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის აკრძალულ ზონაში აღმოჩნდა

ოსლოდან ანტალიაში მიმავალი BBN Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ( Airbus A320-200) 25 ივლისს უკრაინის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის სამაუწყებლო კომპანიაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, Flightradar24-ის თანახმად, რუმინეთის თავზე ფრენისას თვითმფრინავის პილოტები უამინდობის გამო იძულებული გახდნენ, მარშრუტი შეეცვალათ და შესულიყვნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში, რომელიც ომის შემდეგ დაკეტილია.

„ჩვენ გვესმის ინციდენტის შედეგად გამოწვეული შეშფოთების და აქტიურად მივიღებთ ზომებს მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად,“ - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

თვითმფრინავს 180-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

თვითმფრინავი თურქული Freebird Airlines-ის მიერ იყო დაქირავებული. ეს არის კომპანია, რომელიც ჩარტერულ რეისებს თურქეთის მიმართულებით ახორციელებს, შესაბამისად, ფრენაზე პასუხისმგებელი სწორედ ეს ოპერატორი იყო.