დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაკავებულებს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.
ბულგარეთის მოქალაქეები თებერვალში დააკავეს და მას შემდეგ წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების „უკანონო განზრახვით“ ფლობა ედებათ ბრალად. დოკუმენტები მოიცავს პასპორტებს, პირადობის მოწმობებს და სხვა დოკუმენტებს დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკისთვის.
გარდა ამისა, ბულგარეთის სახელმწიფო დოკუმენტების თანახმად, ისინი მუშაობდნენ ლონდონის საარჩევნო კომისიებში, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მიერ ბულგარეთის არჩევნებში ხმის მიცემას უწყობდნენ ხელს.
განახლება: ლონდონში ბულგარეთის საელჩომ რადიო თავისუფლების ბულგარეთის სამსახურს განუცხადა, რომ დიპლომატიურ მისიას არ აქვს ინფორმაცია ბულგარეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ. „ჩვენი საელჩო და საკონსულო სამსახური არ იყვნენ ინფორმირებული ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ასეთი სახელების მქონე ადამიანების დაკავებაზე," - განუცხადა ელჩმა მარინ რაიკოვმა ჟურნალისტებს.
ბულგარელი დიპლომატის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიძლება, არ აცნობოს უცხოურ საელჩოებს მომხდარის შესახებ, თუ დაკავებულები ამას ითხოვენ.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყება ამ საქმეს ჯერ კიდევ სწავლობს.