ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი უკრაინისთვის დამატებით, $24,1 მილიარდის გამოყოფას

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი ჯო ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის კიდევ $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგებს.

ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა, ისევე როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება მისცეს უკრაინელებს, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას,“ – აცხადებს ბლინკენი.


ენტონი ბლინკენის თქმით, მომდევნო კვირაში წელიწად-ნახევარი გავა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, წელიწად-ნახევარი უკრაინული სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვებიდან, საკვებისა და საწვავის იარაღად გამოყენებიდან, მოკლული და დაჭრილი ათასობით უკრაინელიდან. მთელი ამ დროის განმავლობაში კი, უკრაინელები აჩვენებდნენ წარმოუდგენელ სიმამაცესა და სიმტკიცეს.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და დღემდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფს, მოსკოვს კი, მძიმე სანქციებს უწესებს.