Red Wings-ის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ავიაკომპანია Red Wings-ის წინააღმდეგ ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამ შემთხვევაში საქმე სახიფათო მომსახურების გაწევის მუხლით, ხოლო მანამდე მომსახურების არასათანადო შესრულების მუხლით აღიძრა.

ინფორმაციას Ekho Kavkaza ავრცელებს.


რამდენიმე დღის წინ ტექნიკური გაუმართაობის გამო ავიაკომპანიის კუთვნილი სამი "ბოინგ 777-დან" ორი მწყობრიდან გამოვიდა.

შედეგად ფრენები მრავალი საათით გვიანდებოდა. ამას ბევრი რეისის დაგვიანება მოჰყვა. ტურისტები თურქეთის ქალაქ ანტალიაში ერთ დღეზე მეტხანს შეყოვნდნენ. Red Wings-ის მგზავრების გადასაყვანად რამდენიმე რეისის შესრულება ავიაკომპანია Икар-ს მოუწია. ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ ხარვეზები გამოასწორეს და 16 აგვისტოდან ფრენებს დაგეგმილი გრაფიკით შეასრულებენ.


დღეს, 16 აგვისტოს კი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Red Wings-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე იმის გამო აღძრა, რომ 13 აგვისტოს ავიაკომპანიამ ანტალიიდან მგზავრების ჩამოსაყვანად გაგზავნა გაუმართავი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე არ მუშაობა კონდიციონერი, რამაც მგზავრთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სერიოზული ხიფათი შეუქმნა. ავიაკომპანიას ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ-სა და ევროკავშირის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთის სამოქალაქო ავიაციას. ევროპულ და ამერიკულ მწარმოებლებს ეკრძალებათ რუსეთისთვის სათადარიგო ნაწილების მიყიდვა და რუსული ავიახაზებისთვის, მათ შორის "ბოინგისა" და "ეარბასის" თვითმფრინავებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.

რუსეთი იძულებულია, მიმართოს ე.წ. „კანიბალიზაციას“ - რაც ძველი თვითმფრინავების დაშლას ნიშნავს, მისი ნაწილების სხვა თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებისთვის გამოსაყენებლად,“ - წერია სტატიაში.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Red Wings-ი თვითმფრინავ Sukhoi Superjet 100-ით, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის და სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებებით დაფრინავს.