მოლდოვას სურს, უკრაინას მარცვლეულის ტრანზიტში დაეხმაროს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას მარცვლეულის ტრანზიტში დახმარება კონფლიქტის დაწყების დღიდან შესთავაზა. ამჟამად მოლდოვა ცდილობს, იპოვოს გამოსავალი, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს დააკმაყოფილებს და კიევს დაეხმარება.

სანდუ ახლა უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ სიტუაციას „კომპლექსურ საკითხს“ უწოდებს.


„ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, რომელიც ამჟამად უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას,“ - აღნიშნა სანდუმ RFI-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მოლდოვა ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალს ეძებს.


ერთ-ერთი ასეთი გამოსავალი, როგორც სანდუმ აღნიშნა, არის სწრაფი ინვესტიციები სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურაში, რათა სიმძლავრე გაიზარდოს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა მოლდოვის რესპუბლიკაში საკმარისად არ არის განვითარებული. ახლა, უკრაინიდან ამ დიდი მოცულობის გამო, სიტუაცია უფრო გართულდა," - აღნიშნა სანდუმ.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქეთთან, უკრაინასთან და მის რიგ მეზობლებთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზების მოძიება შეძლონ.