ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულთა შორისაა 6 წლის ბავშვი

რუსულმა არმიამ უკრაინის ჩერნიგოვის ცენტრზე ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 36 დაშავდა. თავდასხმის შედეგად 11 ბავშვი დაშავდა.

დაღუპულთა შორის არის 6 წლის გოგო. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა.


შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ავრცელებს, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა.

„მოედანი, პოლიტექნიკური, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათის დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილის და დანაკარგების დღედ გახადა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ახლობლებს,” - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რუსული ტერორის წინააღმდეგ მსოფლიოს კონსოლიდაციისთვის.

„ასეთია მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ამის წინააღმდეგ ჩვენ მთელი მსოფლიო გავერთიანდით,“ - წერს ზელენსკი.