რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში დრონით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა.“
სამინისტროს ორი ოფიციალური შეტყობინება ერთი საათის შუალედით გავრცელდა.
„21 აგვისტოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 06:50 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით. საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს,“ - აცხადებენ უწყებაში.
მეორე ინფორმაციით, 08:16 საათზე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში.
რუსული მხარის მტკიცებით, დრონი, რომელმაც კონტროლი დაკარგა, პოკროვსკოეს დასახლების მიდამოში ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების მოტივით, მუშაობა მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებმა შეაჩერეს.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.