ირანის საპარლამენტო კომისიამ ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებული კანონის დარღვევისთვის გამკაცრებული სასჯელი დაამტკიცა.
ახალი კანონების მიღების შემთხვევაში, ირანელ ქალებს ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ახალი კანონი კონსერვატიული სასულიერო პირებისგან შემდგარ საზედამხედველო ორგანოს, კონსტიტუციის დამცველთა საბჭოს წარედგინება.
CNN-ის ცნობით, კანონპროექტი, რომელიც70 მუხლისგან შედგება, ითვალისწინებს ბევრად უფრო დიდ ჯარიმასა და ხანგრძლივ პატიმრობას ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარებაზე უარს იტყვიან.
ირანის ამჟამინდელი კანონმდებლობით, ჩაცმულობის კოდექსის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 დღიდან ორ თვემდე ვადით, ან ჯარიმით 50 000-დან 500 000-მდე ირანული რიალის ოდენობით (1-დან 10 ევრომდე).
კანონების ახალი პაკეტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე, ასევე ჯარიმას 360 მილიონ ირანულ რიალამდე (7 800 ევრო).
ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა.
საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგაც, ირანში ჰიჯაბის ტარების მოთხოვნისადმი შეწინააღმდეგებას ბევრი ქალი აგრძელებს.