უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) პოლტავის რაიონში დააყადაღა რუსი გენერლისა და მაღალჩინოსნის ვალერი კაპაშინის ქონება, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიარდ გრივნას (25 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგენს.
SBU-ს ცნობით, საუბარია 20-ზე მეტ კომერციულ ობიექტზე, მათ შორის პრემიუმ კლასის რესტორნებსა და სასტუმროებზე, ასევე საოფისე ფართზე, სავაჭრო და გასართობ ცენტრებზე, 17 მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, რომლის საერთო ფართობი 3000 კვადრატულ მეტრზე მეტს შეადგენს.
„ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს რუსული სტილის სამხედრო ფორმა, საბჭოთა სიმბოლიკა, პროპაგანდისტული ლიტერატურა და ჯილდოები კრემლიდან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
გენერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აგრესორი სახელმწიფოს დახმარებისა და ტერორიზმის დაფინანსების მუხლებით მიმდინარეობს.
გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი კაპაშინი, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ქიმიური იარაღის უსაფრთხო შენახვისა და განადგურების ფედერალური დირექტორატის უფროსია. ის უკრაინის პოლტავის რეგიონის მკვიდრია.
ხსენებული ქონება გაფორმდა მისი ქალიშვილისა და სიძის სახელზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთში გადავიდნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შჭრის წინა დღეს. მათ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.