აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ს საბრძოლო ვერტმფრენების პოტენციურ მიყიდვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის AH-64E Apache შვეულმფრენების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. 12 მილიარდ დოლარამდე გარიგების შესახებ პენტაგონმა განაცხადა.

პენტაგონში განმარტეს, რომ NATO-ს წევრმა პოლონეთმა Apache-ის ტიპის 96 ვერტმფრენი და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობა, მათ შორის 1,844 Hellfire რაკეტა და 508 Stinger რაკეტა მოითხოვა.

პენტაგონის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ შესაძლო გარიგების შესახებ კონგრესს ორშაბათს აცნობა. მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებისა, შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია ან მოლაპარაკებები დასრულებულია. პენტაგონმა განაცხადა, რომ Boeing-ი (BA.N) და Lockheed Martin-ი (LMT.N) მთავარი კონტრაქტორები არიან.


„თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ჩემი შეთანხმების თანახმად, პროცედურების დასრულებამდე და შეძენილი ვერტმფრენების პოლონეთისთვის მიწოდებამდე, აშშ-ს არმია საკუთარი რესურსებიდან გადმოგვცემს ვერტმფრენებს“, - განაცხადა თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 22 აგვისტოს.


აშშ-ის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) თავის განცხადებაში მიუთითა, რომ ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რამდენიმე ტიპის რადარის, 210 ძრავის, პილოტებისთვის ღამის ხედვის მოწყობილობების, ასევე AGM-114R2 Hellfire, JAGM-ის, Stinger-ის რაკეტების მიწოდებას. პაკეტის ჯამური ღირებულება 12 მილიარდ დოლარს შეადგენს.


 „აშშ-ის არმია პოლონეთს Apache-ის ტიპის შვეულმფრენებს საკუთარი რესურსებით გადასცემს, 96 შვეულმფრენის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე“, განაცხადა 6 მაისს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბლაშჩაკმა ვაშინგტონში, პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ.

მეზობელ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პოლონეთმა თავდაცვის გაძლიერება პრიორიტეტად აქცია.