მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2023“ დაიწყო

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს.

საერთაშორისო წვრთნის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე 22 ქვეყნის სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ირაკლი ჭიჭინაძემ და საერთაშორისო წვრთნებისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა საველე ტაქტიკურ მართვის პუნქტში გადაინაცვლეს და წვრთნების ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციები დეტალურად გაიარეს.


სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს. Agile Spirit 2023 საწვრთნელი არეალი მოიცავს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს.

  • წელს წვრთნებში NATO-ს წევრი და პარტნიორი 22 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და 3600 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, მათ შორის სწავლებაში პირველად მონაწილეობს იორდანია. სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და იაპონია. მონაწილე ორგანიზაციები არიან: მრავალეროვნული დივიზია - სამხრეთ-აღმოსავლეთი (MND-SE), ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის ბრიგადა (LITPOLUKR Brigade) და ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონი (MNMPBAT NATO).

წელს Agile Spirit 2023 უწყებათშორისი სწავლების სტატუსიც შეიძინა, რადგან სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონი - დასავლეთი NATO-ს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად კომბინირებულ სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებთან ერთად ფოთში, კოლხეთის ეროვნულ ნაკრძალში ჩაატარებს.

გარდა ამისა, Agile Spirit 2023-ის ფარგლებში პირველად მოხდება მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფის (GEO-POL MNSOLTG) შეფასება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს NATO-ს რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში.

  • Agile Spirit 2023 საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.