დანილოვის თქმით, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით გაათავისუფლებს, თუ რუსეთი თავად არ დატოვებს მას

ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის წინ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა, დიდი ალბათობით, სამხედრო გზით გაათავისუფლებს ყირიმს, თუ რუსეთი თავად არ დატოვებს მას. დანილოვის თქმით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობები მშვიდობიანად ვერ იცხოვრებენ და ომი შთამომავლებს გადაეცემა.

„ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ. მეტიც, ჩვენ გავათავისუფლებთ. დიდი ალბათობით, ეს მოხდება სამხედრო გზით - თუ აგრესორ ქვეყანას არ ესმის, რომ უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია, სხვა გზა არ გვაქვს,“ - აღნიშნა დანილოვმა. 

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის დეოკუპაციის გარდა სხვა გზა არ შეიძლება, არსებობდეს.


რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.