ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს კიდევ რვა ქვეყანა შეუერთდა.
სანქციებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და ბოსნია-ჰერცეგოვინა შეუერთდნენ.
შეზღუდვებს ასევე დააწესებენ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები – ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, როგორც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები.
„ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭომ სასანქციო სიას ბელორუსში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუარესების გამო, 38 ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დაამატა.