უკრაინას პარლამენტის წევრები 14 ქვეყნიდან ეწვევიან

ოთხშაბათს, 23 აგვისტოს და ხუთშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინას პარლამენტის წევრები 14 ქვეყნიდან ეწვევიან. კიევში ელოდებიან ევროპარლამენტარებსაც. ესტონეთის პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დელეგაციის მიზანია უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს და თავად დამოუკიდებლობის დღეს.


დეპუტატებთან და მთავრობასთან შეხვედრებზე განიხილება უსაფრთხოების ვითარება და უკრაინის დახმარება მიმდიანარე ომის დროს. ასევე განიხილება რუსეთის პასუხისგებაში მიცემის საკითხი და აგრესიით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

25-კაციანი დელეგაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს და საპარლამენტო კომისიების ხელმძღვანელებს შეხვდება. დაესწრება უკრაინის პარლამენტის სხდომას. გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინას და სხვა ოფიციალურ პირებს. 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე მიიღებს მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტში, რომელიც კიევში გაიმართება. დეპუტატები 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, გოსტომელის აეროდრომს და კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ირპინის აეროდრომს მოინახულებენ.

დელეგაციაში არიან სტუმრები ავსტრიიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ისლანდიიდან, ირლანდიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და ევროპარლამენტიდან.

კიევში დღეს პირველად ჩავიდა პორტუგალიის პრეზიდენტი. უკრაინას ასევე სტუმრობს ლიეტივის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა. ომში მყოფ ქვეყანაში ვიზიტით ასევე იმყოფება უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინა ნოვაკი.

მანამდე უკრაინას ეწვია ნიდრელანდების თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, კაისა ოლონგრენი და უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მოდელი წარუდგინა.