ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმაზე: უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა

საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგა. მან უკრაინის გამარჯვების რწმენა გამოთქვა, ქვეყანასა და მის პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა - გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია - ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს რუსეთს - ძალას, რომელიც მზადაა, საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს.

ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ომმა აჩვენა, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია, თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე - ლისაბონიდან თბილისამდე. პრეზიდენტის შეფასებით, ომმა ასევე აჩვენა, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვის მომავალი უსაფრთხოებისთვის. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აქვს რწმენა, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე.

  • „რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება,“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი.