უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე მეორედ აღნიშნავს

ხუთშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 32 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამავე დღეს გადის წელიწადი და 6 თვე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 32 წლის წინ, უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.

მას სამი თვის შემდეგ რეფერენდუმი მოჰყვა. უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ გამართულ რეფერენდუმში მოსახლეობის აქტივობა 84%-ს შეადგენდა. დამოუკიდებლობას მხარი 98%-მა დაუჭირა. იმავე დღეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად უკრაინელმა ხალხმა ლეონიდ კრავჩუკი აირჩია.

უკრაინამ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს წელსაც ომის პირობებში ხვდება. რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და დღემდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. კიევში დღეს ოკუპანტების განადგურებული ტექნიკა გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

უკრიანის დედაქალაქში სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისთვის ჩავიდა ლიეტუვის პრეზიდენტი. კიევში ყირიმის პლატორმას ესწრებოდა დღეს პორტუგალიის პრეზიდენტი. ქვეყანას ასევე ეწვია უნგრეთის პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის დღეს საღამოს შეხვდა. უკრაინაში ელოდებიან პარლამენტარებს 14 ქვეყნიდანაც.


გუშინ, 23 აგვისტოს უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავდა.


უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა მონაწილეობდნენ.

წელს, უკრაინის შუაგულში (Pechersk hills) აღმართეს სპეციალური დროშა, რომელიც თავდაცვის მთელ ხაზს გადიოდა და რომელზეც უკრაინელი დამცველები ხელმოწერებს და სურვილებს ტოვებდნენ.

„ამ დროშაზე გამოსახულია სპეციალური სიტყვები და ხელმოწერები, რომლებსაც განსაკუთრებული ადამიანები ტოვებენ. ესენი არიან ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი დამცველები, ჩვენი მეომრები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, უკრაინელებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უკრაინისთვის. ეს დროშა იყო ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებზე. ჩერნიგოვიდან ოდესამდე, უკრაინის თავდაცვის მთელი ხაზის გასწვრივ, სხვადასხვა საბრძოლო ბრიგადასა და ქვედანაყოფებში,“- განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.