ზელენსკიმ უკრანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა: ეს თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული ხალხის დღესასწაულია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ეს თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული, თანასწორუფლებიანი ადამიანების დღესასწაულია. ყველასი, ვინც ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხის ბრძოლა თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მისი მიზანი დამოუკიდებელი უკრაინაა.


„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს, უკრაინის დამოუკიდებლობას. ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული, ძლიერი ხალხის დღესასწაული, ღირსეული ხალხის დღესასწაული, თანასწორების დღესასწაული, უკრაინელი კაცებისა და ქალების დღესასწაული.

ეს არის ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის, ეს არის ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის. დიდ ომში პატარა საქმეები არ არსებობს. აქ არ არსებობს უმნიშვნელო და არ არსებობს არასაჭირო რამ და ეს ეხება როგორც ადამიანებს, ასევე საქმეებსა და სიტყვებს.

როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ყველას შეუძლია ამ ზეიმის ნაწილად იგრძნოს თავი. ყველას შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს: "სად ვდგავარ მე უკრაინის დამოუკიდებლობაში? რა გავაკეთე მე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის? რა შევმატე მე უკრაინის დამოუკიდებლობას?"

დღეს მე მინდა, მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც უკრაინას დამოუკიდებლობას აძლევს. ესენი არიან მეომრები, რომლებიც ქვეყნის დასაცავად დადგნენ და მე მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცსა და მეზღვაურს, თითოეულ სერჟანტს, ოფიცერსა და გენერალს, ასევე უკრაინელი ჯარისკაცის თითოეულ მამასა და დედას, ყველა ოჯახს, რომელმაც თავის შვილებს ჩაუნერგა უკრაინის სიყვარული და მზადყოფნა, რომ ნებისმიერ ფასად დაიცვას ის," - აღნიშნავს ზელენსკი.