უკრაინა მეორედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის ძალების მიერ ოკუპაციის პირობებში, თუმცა, უკრაინელები გაერთიანებულები არიან და გამარჯვება „ახლოსა,“ DW-ს ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი აცხადებს.
DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში ერმაკმა ისაუბრა რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, უკრაინელი ხალხის განწყობასა და კიევის მხარდაჭერის დონეზე, რომელსაც უცხოეთი უზრუნველყოფს.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ერთხელ მოგვცეს სამი დღე [რუსების შემოჭრის წინააღმდეგ], შემდეგ რამდენიმე თვე. ახლა კი წელიწად-ნახევარი გავიდა და ჩვენ არამხოლოდ ვიცავთ საკუთარ თავს, არამედ ვათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიასაც,“ - განაცხადა ერმაკმა.
„მეჩვენება, რომ გამარჯვებასთან ახლოს ვართ. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პერიოდი, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ,“ - განაგრძობს ერმაკი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კიევი ვერ მოისვენებს, ვიდრე უკრაინის მიწის უკანასკნელი სანტიმეტრი რუსებისგან არ გათავისუფლდება.
- „არაფერი გვსურს იმაზე მეტად, ვიდრე გამარჯვება და მშვიდობის დაბრუნება ჩვენს მიწაზე.“
„ჩვენი პოზიცია ნათელია, ყველასთვის ცნობილია: ვიდრე რუსული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან, მოლაპარაკების საკითხი არ განიხილება,“ - ამბობს ანდრი ერმაკი.