გენშტაბი: უკრაინა წინ მიიწევს ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა წარმატებული შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით.

სამხრეთით მელიტოპოლის ღერძის გასწვრივ, უკრაინულმა ჯარებმა მიაღწიეს წინსვლას ნოვოპროკოპივიას მიმართულებით და დაიკავეს პოზიციები. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის თქმით, უკრაინის ჯარები რობოტინოს ნაწილს იკავებენ.


უკრაინული მედიის ცნბობით, აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებული ქალაქის ბახმუტის სამხრეთით, ახალი ტერიტორია აიღეს.

21 აგვისტოს მალიარი ამბობდა, რომ უკრაინის დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით კიდევ 3 კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.

გენერალური შტაბის უახლესი ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალები ცდილობდნენ წარუმატებელი წინსვლას დონეცკის ოლქის ავდიივკის, მარინკასა და ნოვომიხაილივკის მიმართულებით, რის შედეგადაც, დიდი დანაკარგები განიცადეს. 

უკრაინული ძალები ასევე აგრძელებენ რუსეთის თავდასხმების მოგერიებას კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის გარშემო.


ცნობისთვის, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკი 24 აგვისტოს ქვეყნის აღმოსავლეთში განლაგებულ ოპერატიულ-ტაქტიკურ დაჯგუფება „ლიმანსა“ და „სოლედარს“ ეწვია.

„თქვენ ყოველდღე იტანთ შეტევებს, თავად მიიწევთ წინ. ჩვენ ახლოს ვართ იმასთან, რომ გადავიდეთ შეტევაზე. თქვენ ხართ ჩვენი ერის საუკეთესო წარმომადგენლები. სწორედ აქ, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, თქვენ ცდილობთ ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენას,“ - განაცხადა გენერალმა სირსკიმ ფრონტის ხაზზე მყოფ ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან შეხვედრაზე.

გენერალმა სირსკიმ უკრაინელ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ჯილდოები გადასცა.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს რუსეთთან ამ ომის პირობებში მეორედ აღნიშნავს.