პორტუგალია თანახმაა, უკრაინელი მფრინავები თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე მოამზადოს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელუ და სოუზასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პორტუგალია ჩვენი სატანკო და საავიაციო კოალიციის წევრია. დღეს პორტუგალიამ დაადასტურა მზადყოფნა, შეუერთდეს უკრაინელი მფრინავების და ინჟინრების მომზადებას F-16 თვითმფრინავებზე," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინისა და პორტუგალიის პრეზიდენტებმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და ტერიტორიის ნაღმებისგან გამწმენდი აღჭურვილობის მიწოდებაზე ისაუბრეს.
და სოუზა უკრაინაში 23 აგვისტოს ჩავიდა. ეს პორტუგალიის ლიდერის პირველი ვიზიტია უკრაინაში ბოლო 25 წლის განმავლობაში.
მარსელო რებელუ და სოუზა, ვიზიტის ფარგლებში, ირპინში, ბუჩაში და მოშჩუნში იმყოფებოდა. პორტუგალიის ლიდერი ყირიმის პლატფორმის სამიტშიც მონაწილეობდა.