მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება

ბელორუსის მოგილიოვის ოლქში, ქალაქ ოსიპოვიჩთან მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკში კარვების დემონტაჟი მიმდინარეობს. ამ დროისთვის აღებულია კარვების მესამედი. ამის შესახებ უკრაინული მედია რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურზე დაყრდნობით წერს.

კომპანია Planet Labs-ს მიერ 23 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოს მიხედვით, აღნიშნული ბანაკის ფართობის შემცირება დაიწყო რუსეთში იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დიდი ხნით ადრე, რომელშიც სავარაუდოდ, „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა.

სამხედრო ბანაკი ბელორუსში ივნისის ბოლოს გაჩნდა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ რუსეთში „ამბოხის“ მცდელობა ჰქონდა.


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბანაკის ჩრდილოეთ ნაწილში 129-მდე კარავი იყო განთავსებული, მათგან 65-ის დემონტაჟი განხორციელდა. ბანაკის დასავლეთ ნაწილში 64 კარვიდან დაახლოებით 27 დაშალეს, ცენტრალურ ნაწილში – დაახლოებით 80-დან - ცხრა. 273 საცხოვრებელი კარვიდან დაახლოებით 101 უკვე დაშლილია.