24 აგვისტოს თბილისის ქუჩებში მსვლელობით აღინიშნა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.
რადიო თავისუფლების ცნობით, აქცია ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო და რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.
მსვლელობის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ქალაქის ქუჩებში ისმოდა უკრაინის ჰიმნი, მონაწილეებს კი ხელში ეჭირათ, სიმბოლურად შეკერილი, 32 მეტრის სიგრძის დროშა.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკრაინა 32 წლის გახდა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამ დღეს შვილებთან, ოჯახთან ერთად შევხვდე. მადლობა საქართველოს, რომ თბილად მიგვიღო. მინდა, რომ შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს სახლში შევხვდეთ,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირინა ნოვალენკომ.
მსვლელობას "ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" ერქვა და მასში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. მსგავსი აქტივობები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისშიც.
უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე მეორედ აღნიშნავს.