უკრაინამ თამბაქოს მწარმოებელი ორი უმსხვილესი კომპანია ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ თამბაქოს მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანიები Japan Tobacco International (JTI) და Philip Morris International-ი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში დაამატა. სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კომპანიები აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის კეთებას და მისი ეკონომიკის მხარდაჭერას.


Japan Tobacco International თამბაქოს ბაზრის ლიდერია რუსეთში, ბაზრის წილით თითქმის 35%-ით. კომპანია რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილია, კერძოდ, Winston, LD, Mevius, Camel, Sobranie-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში JTI-ის ინვესტიციებმა რუსეთის ეკონომიკაში $4.6 მილიარდს გადააჭარბა.“

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ კომპანია კვლავ აგრძელებს პროდუქციის წარმოებას და დისტრიბუციას რუსეთში.


Philip Morris International-ის ბაზრის წილმა რუსეთში 2019 წელს 30.1% შეადგინა. კომპანია რუსეთის ბიუჯეტში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია.

Philip Morris International-ის მთლიანი ინვესტიცია რუსეთში 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.


ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა. დასავლეთმა არაერთი სანქცია აამოქმედა რუსეთის წინააღმდეგ. მისი მიზანი რუსეთის ეკონომიკის შესუსტება და „ომის მანქანის“ დაფინანსების შეჩერებაა.