უკრაინამ და ნორვეგიამ სატვირთო გადაზიდვების გამარტივების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ნორვეგიამ ხელი მოაწერეს სატვირთო გადაზიდვების გამარტივების შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქონლის გადამზიდველებს ორ ქვეყანას შორის უნებართვოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა.


ახალი სისტემა პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება და სულ მცირე 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება გავრცელდება როგორც ორმხრივ ვაჭრობაზე, ასევე, საქონლის ტრანზიტზე სხვა ქვეყნებში.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გადამზიდავებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ვაფართოებთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებთანაც გამარტივებული რეჟიმი გვექნება, ამჟამად ასეთი სულ 35 ქვეყანაა," - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, სერჰი დერკაჩმა.


აქამდე უკრაინულ ტვირთმზიდებს ნორვეგიაში მხოლოდ კონკრეტული ნებართვით შეეძლოთ გამგზავრება. სექტემბრიდან მათ საჭირო ნებართვის გარეშე შეუშვებენ,  ევრო-5-ის სტანდარტის დაცვით. (ევრო-5 სტანდარტი ამკაცრებს მოთხოვნებს გამოყენებული საწვავის ხარისხზე, რაც შესაძლებელს ხდის გაზარდოს გარემოსდაცვითი უსაფრთხოება და გააუმჯობესოს ამ ტიპის საწვავზე მომუშავე ძრავების მუშაობა, რედ.) ამ კლასიფიკაციის დასადასტურებლად გადამზიდავებმა სერთიფიკატი უნდა წარადგინონ.