უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები ინდურ ბიზნესს პირველად შეეხო - მედია

ინდოეთის მთავრობამ შეერთებულ შტატებს სთხოვა, განბლოკოს $26 მილიონი, რომელიც ინდურ ალმასის კომპანიებს ეკუთვნის. მანამდე ეს აქტივები სანქცირებულ რუსულ ალმასის კომპანია ALROSA-სთან სავარაუდო სავაჭრო კავშირების გამო გაიყინა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიურო წერს. აქამდე ინდურ ბიზნესს რუსული კომპანიების წინააღმდეგ დასავლური სანქციები პირდაპირ არ შეხებია.

ამასთან, Reuters-ის ადრინდელი გამოძიების თანახმად, ინდური ალმასის კომპანიები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცდილობდნენ გადაეხადათ ბრილიანტების შესაძენი თანხა. Reuters-მა მაშინ ვერ დაადგინა, გადაირიცხა თუ არა ამ კომპანიების მიერ გადახდილი თანხა რუსული ALROSA-ს კუთვნილ ანგარიშებზე თუ სხვა მიმღებებზე.


ALROSA ალმასის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ინდოეთი კი, მსოფლიოში ალმასის გადამუშავებისა და ექსპორტის უმსხვილეს ობიექტებს ფლობს. ისინი „უხეშ ბრილიანტებს“ მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში ყიდულობენ.

ამ თვის დასაწყისში Reuters-მა ასეევ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთი მოსკოვთან რუსული ხორბლის შეღავათიან ფასებში იმპორტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.