რუსეთმა გასულ წელს თითქმის 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მოიპარა. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის კონგრესის ანგარიშზე დაყრდნობით წერს. მოხსენებაში მოყვანილია მონაცემები ამერიკული დაზვერვის ანგარიშიდან, რომელიც თანამგზავრის სურათებსა და ღია წყაროების ინფორმაციას ეყრდნობა.
სატვირთო გემები, რომლებიც 2022 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის გადასაზიდად გამოიყენებოდა, თურქეთის სანაპიროს გასწვრივ მიემგზავრებოდნენ, რათა ტვირთები მიეწოდებინათ სირიაში, ისრაელში, ირანში, საქართველოსა და ლიბანის პორტებში, ნათქვამია მოხსენებაში.
„ჩვენ ვერ დავადასტურებთ, იცოდნენ თუ არა რუსული ტვირთის მყიდველებმა მარცვლეულის უკრაინული წარმომავლობის შესახებ,“ - ნათქვამია ანგარიშში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური საკვების მიწოდებაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. ამასთან, გაზარდა ფასები და სასურსათო დაუცველობის რისკი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ღარიბ ქვეყნებში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები 2023 წლის დასაწყისიდან შემცირდა. თუმცა სავარაუდოა, რომ სურსათის მსოფლიო ფასებზე შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ შეჩერება გავლენას მოახდენს.
ცნობისთვის, უფრო ადრე უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსების მიერ უკრაინული მარცვლეულის ქურდობის ფაქტები არაერთხელ გამოავლინა.