„ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებულმა ტელეგრამ არხმა, GREY ZONE ევგენი პრიგოჟინის აქამდე გამოუქვეყნებელი ვიდეო გაავრცელა.
„მათთვის, ვინც განიხილავს ცოცხალი ვარ თუ არა, როგორ მიდის ჩემი საქმე – ახლა კვირის ბოლოა, 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი, ვიმყოფები აფრიკაში. ამიტომ ჩემი ლიკვიდაციის, შემოსავლების განხილვის მოყვარულებს მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა," – ამბობს პრიგოჟინი ჩანაწერში.
პრიგოჟინი 22 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოში ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ეს ვიდეოც სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდშია ჩაწერილი.
დღესვე The Wall Street Journal-ი პენსიაზე გასული რუსი მფრინავების, „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მებრძოლების, ასევე აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, სირიაში, ლიბიაში ან საჰარაში მოგზაურობის დროს იყენებდა თვითმფრინავებს, რომლებიც აღჭურვილი იყო შენიღბვისა და თვალთვალისგან თავის არიდების საშუალებებით.
თანამოსაუბრეებმა გამოცემასთან აღნიშნეს, რომ რამდენიმე წლის წინ პრიგოჟინმა და მისმა თანამოაზრეებმა ფრენების შენიღბვის ზომები მოიფიქრეს. კერძოდ, მოსკოვის მახლობლად, ჩკალოვსკის აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავები რთავდნენ ტრანსპონდერებს და რადარებიდან უჩინარდებოდნენ.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს ყალბი პასპორტები ჰქონდათ, ფრენისთვის რეგისტრირებული მგზავრების სიები კი, აფრენამდე იცვლებოდა. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფრენის შუა პერიოდში შეიძლებოდა, მოულოდნელად შეცვლილიყო დანიშნულების ადგილი.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა განმარტეს, რომ ივნისის ბოლოს, ამბოხის მცდელობის შემდეგ, რუსეთში ფრენისას პრიგოჟინმა სამხედრო აეროდრომების გამოყენება შეწყვიტა. მან ასევე შეწყვიტა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავების გამოყენება. „აგვისტოში აფრიკის მიმართულებით მიმავალ ერთ-ერთ რეისზე „ვაგნერის“ დამფუძნებელმა საკუთარი თავი მგზავრების სიაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეიყვანა,“ - წერს გამოცემა.