არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი ეროვნულ კრებას ხვალ გადადაგომის თაობაზე წინადადებით მიმართავს, ამის შესახებ არაიკ არუთუნიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.

ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო კვირებში საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ძალებთან და ფართო საზოგადოებასთან ურთიერთკავშირის შემდეგ, ორი დღის წინ მიიღო, საბოლოოა.


მთიანი ყარაბაღის ბლოკადის გაძლიერებისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების შემდეგ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა ივლისში „უკიდურეს ზომას“ მიმართა და სტეფანაკერტში მჯდომარე აქციას შეუერთდა.

17 ივლისს არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ „ექსტრემალური ნაბიჯის“ გადადგმა გადაწყვიტა, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ყარაბაღის ჰუმანიტარულ კრიზისს.


2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამჟამად ყარაბაღის მოსახლეობა ელექტროენერგიის, საწვავის, სურსათის, მედიკამენტების მწვავე დეფიციტის პირობებში ცხოვრობს. ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 15 აგვისტოს დაფიქსირდა შიმშილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა.