სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ყოფილ მღვდელს, იოან კურმოიაროვს რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ამბების გავრცელების საქმეზე კოლონიაში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მღვდლისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
კურმოიაროვმა წელიწადზე მეტი პეტერბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც Youtube-ზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც მღვდელი უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებებს განიხილავდა.
„მშვიდობისმყოფელები სამოთხეში იქნებიან, იცით? და ის, ვინც აგრესია გააჩაღა, ის სამოთხეში ვერ მოხვდებიან, რაც არ უნდა იღონოთ,“ - ამბობდა მღვდელი ვლადიმერ პუტინის მისამართით.
„ჩვენ, როგორც მოწამეები, სამოთხეში წავალთ და ისინი კი უბრალოდ ჩაძაღლდებიან," - ისმოდა ამავე ვიდეოში.
სასამართლოში 55 წლის კურმოიაროვმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მან პუბლიკაციები "როსკომნადზორის" თხოვნით წაშალა. თავისი განცხადებები კი იმით ახსნა, რომ ტრავმირებული იყო იმ იდეით, რომ მართლმადიდებლები „უკრაინის ომის ორივე მხარეზე იღებენ მონაწილეობას და იტანჯებიან."
2017 წელს მან 9 მაისს წმინდა გიორგის ლენტით მისალოცი სურათი გამოაქვეყნა, ერთი კვირის შემდეგ კი, 16 მაისს, უკრაინაში საჯარო სივრცეში წმინდა გიორგის ლენტის ჩვენება აიკრძალა. კურმოიაროვის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღიძრა, თუმცა სასამართლოს წინაშე წარდგენის ვადის გასვლის გამო, საქმე მოგვიანებით დაიხურა. 2018 წლის დასაწყისში კურმოიაროვი (უკრაინის ქალაქი ტულჩინი) ტულჩინის ეპარქიის მღვდელმთავრების სიიდან გარიცხეს. ამასთან, ეპარქია ამტკიცებდა, რომ წმინდა გიორგის ლენტის შესახებ ეპიზოდს მის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ ჰქონდა.
იმავე წელს კურმოიაროვმა უკრაინა დატოვა და ნოვოსიბირსკის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველების მასწავლებლად დასაქმდა. მან რუსეთში, კუბინკის ტაძრის სივრცეში საბჭოთა სიმბოლოების არსებობა გააკრიტიკა, რის შემდეგაც მსახურება აეკრალა.