მოსკოვის ოლქის ბოგოროვსკის რაიონში დააკავეს „ვაგნერის“ ყოფილი დაქირავებულები, რომლებიც გამოსასყიდის მიღების მიზნით, სამი ადამიანის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი.
ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ცნობით, სამმა „ვაგნერელმა“ გატაცებულები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. მოგვიანებით, ისინი დაზარალებულთა ახლობლებს დაუკავშირდნენ და მათგან 5 მილიონი რუბლი მოითხოვეს. ახლობლებმა პოლიციას მიმართეს. ოპერატიული მოქმედებების შედეგად კი, დატყვევებული პირები გაათავისუფლეს. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გატაცებულები ნოგინსკის კერძო სახლში რვა დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ბოლო დროს მედიაში რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის ომიდან დაბრუნებული Wagner PMC-ის მებრძოლების მიერ მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ.
მაგალითად, „ვაგნერელი“ რომელიც ეჭვმიტანილია 10 და 12 წლის გოგოების გაუპატიურებაში, მაისის ბოლოს, ნოვოსიბირსკის ოლქში დააკავეს.