პირველ სექტემბერს ბელორუსში სამხედრო წვრთნები „Combat Brotherhood - 2023“ დაიწყო. წვრთნები 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა, სერჰი ნაევმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მტრის ნებისმიერი ქმედება, მათ შორის წვრთნები მათ ტერიტორიაზე, გაზრდილი საფრთხის გარკვეულ ასპექტზე მიუთითებს.
„მეთაურებს მიეცათ მკაფიო დავალებები, გააძლიერონ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვა და გაზარდონ სიფხიზლე ყველა საბრძოლო პოზიციებზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მტრისგან რაიმეს მოლოდინი უნდა გვქონდეს, მაგრამ მან უნდა გაიგოს, რომ ყოველთვის მზად ვართ პასუხის გასაცემად,“ - აღნიშნა ნაევმა.
Deutsche Welle-ს ცნობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 2500-ზე მეტი ჯარისკაცი ბელორუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან. CSTO-ს კიდევ ერთი წევრი სომხეთი სწავლებაში არ მონაწილეობს.