რომის პაპი მონღოლეთს ვიზიტით პირველად ეწვია

რომის პაპი ფრანცისკე ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი დელეგაციასთან ერთად ჩინგიზ ხანის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით დაეშვა. მას ოფიციალურ ცერემონიაზე მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატსცეგ ბატმუნხი დახვდა.

რომის პაპის შეხვედრები მონღოლეთში, სადაც დაახლოებით 1500 კათოლიკე ცხოვრობს, შაბათს დაიწყება. მოსალოდნელია შეხვედტა მონღოლეთის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ის ასევე სიტყვით მიმართავს დიპლომატიურ წარმომადგენლებს. მონღოლეთის დედაქალაქში პაპის ვიზიტის გასაშუქებლად თითქმის 150 უცხოელი ჟურნალისტი ჩავიდა.


მონღოლეთისკენ მიმავალმა რომის პაპმა ფრანცისკემ ჩინეთის საჰაერო სივრცე გაიარა, რის გამოც მან მისასალმებელი შეტყობინება გაუგზავნა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინს.
ვატიკანის პროტოკოლის თანახმად, რომ უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლისას რომის პაპი მისასალმებელ შეტყობინებებს გზავნის.

„თავის გზავნილში რომის პაპმა თქვა: „კეთილ სურვილებს ვუგზავნი თქვენს აღმატებულებასა და ჩინეთის ხალხს, თქვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის გავლისას, მონღოლეთისკენ მიმავალ გზაზე. გარწმუნებთ ჩემს ლოცვაში ერის კეთილდღეობისთვის.“

მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მისალმებამ კეთილგანწყობა აჩვენა. მისი თქმით, ჩინეთი მზადაა, ვატიკანთან კონსტრუქციული ურთიერთობა განაგრძოს.


გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის გარდა, რომის პაპმა ფრანცისკემ მსგავსი გზავნილები გაუგზავნა ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სერბეთის, მონტენეგროს, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ლიდერებს.