რუსეთში „ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი და ნობელის პრემიის ლაურეატი, დმიტრი მურატოვი, „უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, მურატოვი „უცხოური აგენტების“ მიერ მასალების შექმნასა და გავრცელებაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, უწყების განცცხადებით, მან გამოიყენა უცხოური პლატფორმები იმ მოსაზრებების გასავრცელებლად, რომლებიც მიზნად ისახავდა „რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.“
მურატოვის გარდა, იუსტიციის სამინისტრომ რეესტრში დაამატა ტელეკომპანია „დოჟდის" ჟურნალისტი დენის კატაევი, კომიკოსი რუსლან ბელი, მწერალი ოლეგ რაძინსკი, პოლიტიკოსი მაიბეკ ვაჩაგაევი, ეკონომისტი კონსტანტინ სონინი, ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსი ევგენი კარპოვი, "ეხო მოსკვის" ჟურნალისტი ოქსანა ბარშევა და სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილი მოადგილე მაქსიმ რეზნიკი.
შეგახსენებთ, 24 ივლისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც აწესებს ჯარიმებს, ატარებს დაუგეგმავ ინსპექტირებას იმ პირებისთვის, რომლებიც ეხმარებიან „უცხოეთის აგენტებს" კანონის გვერდის ავლაში. „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონი რუსეთში 2022 წლის პირველ დეკემბერს ამოქმედდა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს „უცხოეთის აგენტების" ერთიანი რეესტრში შეუძლია, დაამატოს ნებისმიერი რუსული ან უცხოური ორგანიზაცია /პირი, თუ ისინი მიიღებენ უცხოურ მხარდაჭერას ან იმყოფებიან „უცხოური გავლენის ქვეშ," ან პოლიტიკურად საქმიანობენ, ან აგროვებენ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობაზე, რომელიც „შეიძლება, გამოყენებული იყო ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ.“