სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვის მიმართულებით რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„დეტალებს სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აანალიზებენ,“ - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონია შორი რადიუსის რაკეტების შემუშავების გამო, რეგიონში დაძაბულობის გამწვავებაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად სანქციები 31 აგვისტოს დააწესა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ფხენიანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების უკანონო განვითარებაში.
სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. დაახლოებით ერთი თვის წინ, მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.