ისრაელის პარლამენტის სპიკერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის (პარლამენტის) სპიკერი ამირ ოჰანა ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე დახვდა.

4 სექტემბერს, ქნესეთის სპიკერი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრებს.


საკანონმდებლო ორგანოში ამირ ოჰანას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს.

5 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართველი კანონმდებლები ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს და მის თანმხლებ დელეგაციას მიესალმებიან.
ვიზიტის ფარგლებში, ამირ ოჰანა გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, დაათვალიერებს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმს და დაესწრება ქართველი წმინდანის, სერგო მეტრეველის და მისი ოჯახის წევრების პატივსაცემად გამართულ ცერემონიას.