უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლას აპირებს. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პარლამენტი ახალ კანდიდატურას მალე დაამტკიცებს.
„ამ კვირაში პარლამენტს შევთავაზებ საკადრო გადაწყვეტილებას. გადავწყვიტე, უკრაინის თავდაცვის მინისტრი შემეცვალა. ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა და მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. სამინისტროს რუსტემ უმეროვმა უნდა უხელმძღვანელოს," - განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ“ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელად, სავარაუდოდ, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელს რუსტემ უმაროვს წარადგენდნენ.