ვოლოდიმირ ზელენსკი: საფრანგეთი უკრაინელ პილოტებს გაწვრთნის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინელი პილოტების წვრთნებში ჩაერთვება.

„საფრანგეთის პრეზიდეტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განვიხილეთ ჩვენი ოდესის რეგიონის დაცვა - რისი გაკეთება შეუძლია საფრანგეთს ოდესისა და რეგიონის დასაცავად. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება საფრანგეთში ჩვენი მფრინავების მომზადებაზე," - განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში განიხილეს უკრაინის თავდაცვის პაკეტები. ასევე, მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება საფრანგეთისა და ფრანგული კომპანიების თავდაცვის მრეწველობის ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით. განიხილეს „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ოდესის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება. გარდა ამისა, ზელენსკი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებზე "დიდი შვიდეულის" დეკლარაციის ფარგლებში.