საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, რამდენიმე დღეში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ეწვევა.
ღარიბაშვილის თქმით, ქართული მხარე მას ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
„ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. დღეს, ერთ საათში ჩვენ გვენება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისო კომისია, სადაც ასევე განვიხილავთ, კიდევ ერთხელ მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროინტეგრაციისთვის არაფერი გაუკეთებია.
„ბოლოს მინდა შევახსენო - არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს - ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.