ინალ არძინბამ „თანამდებობა“ დატოვა – მედია

ტელეგრამ-არხის D News Abkhazia-ს ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ „გადადგომის“ შესახებ განცხადება დაწერა.

რადიო თავისუფლების თანახმად, მანამდე კტელეგრამ-არხმა „ლეგიტიმნი“ წერდა, რომ „კრემლში უკრაინის ყოფილი კურატორი ინალ არძინბა მოსკოვში ბრუნდება“, იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს „კოლექტიურ დასავლეთთან იდეოლოგიურ“ ბრძოლაში. მასალაში მითითებული იყო, რომ არძინბა იმუშავებს „რუსეთ-ბელარუსის“, „მოკავშირე სახელმწიფოს“ მიმართულებით.

არძინბას გადადგომის შესახებ ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.


ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს „დაინიშნა.“ ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია.

განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე 2007-2012 წლებში.

სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.


უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან.

უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.

2017 წელს, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ინალ არძინბას მიენიჭა მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება.

ცნობისთვის, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს და მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს რუსული ძალები საქართველოდან.