პუტინმა კადიროვის უფროსი ქალიშვილი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ქალიშვილი, აიშატ კადიროვა, რომელიც რესპუბლიკაში კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს, „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

განკარგულება შეიცავს მხოლოდ ზოგად ფორმულირებას: „ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარების საქმეში დამსახურებისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის" და რა დამსახურებისათვის გადაეცა აიშატ კადიროვას მაღალი ჯილდო, უცნობია.

2022 წლის ივნისში, ჩეჩნეთის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის ქალიშვილს, აიშატ კადიროვას, რომელიც რესპუბლიკის კულტურის მინისტრია, რეგიონის უმაღლესი ჯილდო – ახმატ კადიროვის ორდენი გადასცა.


უფრო ადრე, 2021 წლის დეკემბერში, აიშატ კადიროვამ მედალი „ადამიანის უფლებების დაცვისთვის" მიიღო.

ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები რამზან კადიროვთან ერთად აიშატ კადიროვასაც დაუწესა.