რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე გასული ღამის განმავლობაში მიტანილი იერიშისას საჰაერო და სახმელეთო ბაზირების რაკეტები და დამრტყმელი დრონები გამოიყენა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რვავე რაკეტა და 25-დან 15 დრონი გაანადგურეს.
წინასწარი მონაცემებით, კიევსა და კიევის ოლქზე სარაკეტო შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა კიევის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე ხანძარი გამოიწვია.
გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის და ოდესის ოლქებზე იერიში მიიტანა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, იზმაილის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია საპორტო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტები - ელევატორები, ადმინისტრაციული შენობები და აგროსაწარმოები.
იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. ამ რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.