აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას გადასცემს

პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვებს.

თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აღჭურვილობა, დამატებით საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, 81 მმ ნაღმმტყორცნი ჭურვები და 120 მმ გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვები Abrams ტანკებისთვის.

პაკეტში ასევე შევა TOW-ს ტიპის რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და AT-4-ის ტიპის კომპლექსები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 3 მილიონ ტყვიაზე მეტი, ასევე, ტაქტიკური აერონავიგაციური სისტემები და დაცული კავშირის ტაქტიკური სისტემები.